English / ქართული / русский /
ნანა ლუხუტაშვილიმარიამ დენოსაშვილი
საკრუიზო საქმის განვითარების პერსპექტივები აჭარაში

ანოტაცია. სტატიაში ნათქვამია, რომ ბათუმში ბოლო წლებში საკრუიზო ტურიზმი კვლავ იბრუნებს აქტუალობას. ბათუმის ნავსადგურს გააჩნია შესაძლებლობა დააკმაყოფილოს კლიენტების მოთხოვნები სხვადასხვა ტვირთებთან, გემებთან და მგზავრებთან მიმართებაში.

სტატიაში აღწერილა ბათუმისა და ბათუმის პორტის განვითარების ისტორია ძვ.წ. III საუკუნიდან დღემდე; პორტის გეოსტრატეგიული და ბუნებრივი უპირატესობები. მოყვანილია საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკა 2012 – 2015 წლებისთვის. აღნიშნულია, რომ ბათუმის პორტში საკრუიზო ხომალდების არარსებობა ნაწილობრივ უკავშირდება გეოპოლიტიკურ მოვლენებს, უმეტესწილად კი ინფრასტრუქტურული პროექტების, რეკლამისა და მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელებას.

დასკვნაში მოყვანილია საკრუიზო ტურიზმის სტრატეგიის ასამოქმედებლად ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის მიერ გასატარებელი რიგი ღონისძიებები.

საკვანძო სიტყვები: საკრუიზო ტურიზმი; ბათუმის პორტი; განვითარების სტრატეგია.

შესავალი

დღეს, საკრუიზო მოგზაურობის ღირსებები და უპირატესობები უდავოა. საზღვაო კრუიზების ყველაზე პოპულარული რაიონებია კარიბის ზღვის აუზი, ხმელთაშუა ზღვა, აშშ-ს დასავლეთი სანაპირო, ჩრდილო ევროპა და აზია.

ბათუმის პორტი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში პოპულარულ საკრუიზო მიმართულებას წარმოადგენდა. ბოლო წლებში საკრუიზო ტურიზმი კვლავ იბრუნებს აქტუალობას, რასაც ადასტურებს შავი ზღვის აუზის ქვეყნების დაინტერესება ბათუმის მიმართულებით.

* * *

ძვ.წ. III საუკუნის ბერძენი მეცნიერი და ცნობილ მწერალი აპოლონიოს როდოსელი წიგნში „არგონავტიკა“ ბერძნული მითების, ლიტერატურული და წერილობითი წყაროების შესწავლის საფუძველზე პოეტურად ახასიათებს მაშინდელი ყველაზე მეტად დაწინაურებული ქვეყნების-საბერძნეთისა და კოლხეთის მთელ სანაოსნო სისტემას. [ბოლქვაძე]

ყველაზე ადრეული ცნობა ბათუმის შესახებ დაცულია ძვ.წ. V საუკუნეში არისტოტელესთან. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ დიდ ბერძენ ფილოსოფოსს ორჯერ აქვს მოხსენიებული ზღვისპირა გეოგრაფიული პუნქტი, საიდანაც გარკვევით ჩანს კავკასიონის სიმაღლე და სადაც ზღვას განუზომელი სიღრმე აქვს.

არქეოლოგ-მკვლევართა მოპოვებული უცხოური კერამიკის ნაშთები და სხვადასხვა ჭურჭლეულობანი თუ ნივთები ადასტურებენ, რომ ძვ.წ. VII საუკუნეში ბათუმს გაცხოველებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა ბერძნულ სამყაროსთან. ბათუმის ციხის მიდამოები წარმოადგენდა ბერძენი მოახალშენეებისა და კოლხების ურთიერთობის, შეხვედრებისა და სავაჭრო ურთიერთობათა გარიგების ადგილს.

მე-11 საუკუნეში ბათუმი რომაელთა სამხედრო სადგურს წარმოადგენდა. იმპერატორ ადრიანეს დროს, აქ განლაგებული იყო რომაელთა გარნიზონი.
ქართული მემატიანეების მიხედვით, თურქებმა როსტომ გურიელს, რომელიც 1564 წელს გარდაიცვალა, წაართვეს როგორც ბათომი, ანუ ბათუმი, ისე გონია, სადაც მაშინვე ააგეს სიმაგრეები, შემდეგ იგი აქციეს ბათუმის ლივანის ანუ სანჯაყის დედაქალაქად და ტრაპიზონის გუბერნატორს დაუმორჩილეს.
ადრიან დიუპრე, საფრანგეთის კონსული, რომელმაც 1807 წელს მოიხილა ბათუმი, თავის ჩანაწერებში აღნიშნავს, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში აქ ცხოვრობდა 2 ათას კაცამდე (უფრო სწორად 1388 კაცი). მათი აქა-იქ გაფანტული სახლებით (256 სახლი, უმთავრესად ერთსართულიანი, ხის, ბარაკისა თუ ქოხის მაგვარი), იგი უფრო დიდ სოფელს ჰგავდა, ვიდრე ქალაქს. არავითარი სიმაგრე არ იცავდა მის რეიდს. ქვის საძირკველზე აგებული ერთადერთი კოშკი, თხრილშემოვლებული და უქვემეხო აღმართულიყო ბაზრის შესასვლელთან. ამ დროისათვის ბათუმის ნავსადგურში გემები იშვიათად თუ შემოდიოდნენ. მაშინდელ ამ ე.წ. ქალაქში სანიტარული პირობები მეტად მძიმე იყო, ხშირად მძვინვარებდა მალარია, გავრცელებული იყო დეზინტერია.

მე-18 საუკუნეში ვახუშტი ბათუმს მოიხსენიებს მცირე ქალაქად და კარგ ციხედ. იმ ხანად ბათუმი ლაზისტანის საფაშოს დედაქალაქია, მას მართავს მუთესერიფი ანუ გუბერნატორი, რომელიც უშუალოდ ემორჩილება პორტას და არაპირდაპირ ტრაპიზონის გენერალ-გუბერნატორს. ქალაქის საუკეთესო ნაწილია ნავმისადგომი, სადაც განლაგებულია ბერძნებისა და სომხების მაღაზიები და რამდენიმე საკმაოდ რიგიანი კერძო შენობა. ბათუმის მყუდრო ნავსადგურში პატარა და დიდი ზომის ხომალდები დგანან, რომლებსაც მოსახლეობისათვის რკინა, მარილი, საპონი და მცირეოდენი ქსოვილი შემოაქვს. აქედან კი გააქვთ თხილი, მარცვლეული, ბრინჯი და საერთოდ ყველაფერი. ქალაქის ამ ნაწილს აკრავს ვრცელი ადგილობრივი ბაზრები, რომელიც 800-ზე მეტი დუქნისაგან შედგება, ხოლო ამას იქით იწყება გარეუბანი, ისეთივე მიმოფანტული, როგორც დიუპრეს დროს იყო.
მაშ, ასე, მე-19 საუკუნის დასაწყისში ბათუმი საზღვაო ქალაქია, პატარა, სოფლური ტიპისა, სოფლისაგან ძნელად გასარჩევი, მაგრამ მაინც ქალაქი, საოცრად ხელსაყრელი ნავმისადგომით, რომელიც ხომალდებისათვის ისეთივე მოხერხებულია, როგორც მსოფლიოს უპირველესი ნავსადგურები.
ბათუმის ნავსადგური გამოირჩეოდა და ახლაც გამოირჩევა თავისი გეოსტრატეგიული და ბუნებრივი უპირატესობებით. კერძოდ:
• ნავსადგური მდებარეობს ბუნებრივ ღრმაწყლიან უბეში, რაც იძლევა დიდტონაჟიანი გემების მიღების საშუალებას;
• კარგადაა დაცული სანაპიროდან;
• ნავსადგურში შემოსასვლელად არ არის საჭირო არხის გავლა, რაც ათავისუფლებს გემფლობელს არხის მოსაკრებლის გადასახადისაგან.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მიმდინარე გლობალური ეკონომიკური ქსელის ფორმირებისას, ზემოთ ჩამოთვლილმა უპირატესობებმა განაპირობა ის, რომ ბათუმის ნავსადგურმა მიიღო “პორტო-ფრანკო”-ს (თავისუფალი პორტი) სტატუსი 1878-1885 წლებში. [2]
ქალაქ ბათუმისა და ნავსადგურის განვითარების მთავარი ფაქტორი გახდა ბაქოდან ბათუმში რკინიგზით ტრანსპორტირებული ნავთობი. ნავთობის გადამუშავებასთან ერთად გაიზარდა სხვადასხვა მოთხოვნაც, რამაც გამოიწვია ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ეს გამოვლინდა იმით, რომ 1900 წელს აშენდა მსოფლიოში ერთერთი პირველი ნავთობმილსადენი- ბაქო-ბათუმის მილსადენი.
კემბრიჯის ენერგომაძიებელი ასოციაციის პრეზიდენტი დანიელ ერგინი, თავის წიგნში “The Prize” აღნიშნავს, რომ ნავსადგურის გეოსტრატეგიული მდებარეობისა და ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობების გამო, 1892 წლის აგვისტოში მსოფლიოში პირველად სწორედ ბათუმის ნავსადგურიდან გადაიტანეს ნავთობი ტანკერ “მიურექსის” მეშვეობით და ის იყო აგრეთვე პირველი ტანკერი, რომელმაც გაიარა სუეცის არხი იმავე წლის 22 აგვისტოს.
ამ პროექტის ავტორები იყვნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორებიც არიან ნობელი, როტშილდი, სამუელი (ფირმის “შელი” დამაარსებელი), მანთაშევი და სხვები. ასე, რომ ბათუმის ნავსადგური ოდითგანვე ცნობილი იყო, როგორც ევროაზიური და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.
დღეისათვის ბათუმის ნავსადგური ევროპა-კავკასია-აზიის კორიდორის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. ნავსადგური უკავშირდება კავკასიის, ცენტრალური აზიის, რუსეთის და თურქეთის ქვეყნებს საავტომობილო და სარკინიგზო გზებით.
ბათუმის პორტის ძირითადი კონკურენტები შავ ზღვაზე არიან: უკრაინული - ოდესისა და ილიჩევსკის პორტები, რუსული - ნოვოროსიისკისა და ტუაფსეს პორტები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის აკვატორია ზამთარში იყინება, ხოლო რუსეთის პორტებში, ზამთრის პერიოდში, ხშირია ძლიერი ქარები, რაც ბათუმის პორტის უპირატესობას განაპირობებს.
საქართველო საზღვაო ქვეყანაა, რაც მისი დიდი უპირატესობაა ამიერკავკასიაში, მაგრამ ჩვენს საზღვაო ინფრასტრუქტურას არ შემორჩა არც ერთი საზღვაო ლაინერი, თუ ტანკერი, მაშინ, როცა წარსულში ჩვენი საოკეანო ფლოტის რიცხვი 80-ს აღემატებოდა. ამ მიმართებითაც აუცილებელია მუშაობათა გააქტიურება.
ბათუმის ნავსადგურს გააჩნია შესაძლებლობა დააკმაყოფილოს კლიენტების მოთხოვნები სხვადასხვა ტვირთებთან, გემებთან და მგზავრებთან მიმართებაში. ნავსადგურს გააჩნია 5 ტერმინალი:
• ნავთობტერმინალი,
• მშრალი ტვირთის ტერმინალი,
• საკონტეინერო ტერმინალი,
• სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელი,
• სამგზავრო ტერმინალი.
ბათუმის საზღვაო ნავსადგური დღეისათვის მოიცავს 11 ნავმისადგომს. ნავსადგურში ზოგჯერ გემებს ნავმისადგომების დაკავების გამო, უხდებათ რეიდზე ლოდინი რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც ერთის მხრივ ზრდის გემის მომსახურეობის პერიოდს, მეორეს მხრივ გემები, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, დიდი რისკის ქვეშ ექცევიან მოსალოდნელი უამინდობის გამო.
სამგზავრო ტერმინალი ბათუმის ცენტრში, სანაპირო ბულვარის გაყოლებაზე მდებარეობს. ტერმინალის გამტარუნარიანობა წელიწადში დაახლოებით 180 000 მგზავრს შეადგენს. სამგზავრო ნავმისადგომები უზრუნველყოფენ სამგზავრო გემებისა და ასევე Ro-Ro ტიპის სამგზავრო სატვირთო მცირეტონაჟიანი ბორნების დამუშავებას. [3]
ნავსადგური გამოიყენება აგრეთვე, როგორც მთავარი სატრანზიტო ნავსადგური ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ნავთობის გადასამუშავებლად.
2008 წლის თებერვალში სს „ყაზტრანსოილის" შვილობილმა კომპანიამ - შპს Batumi Industrial Holding-მა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ექსკლუზიური მართვის უფლება 49 წლით და ბათუმის ნავთობტერმინალის აქციების 100%-იანი პაკეტი შეიძინა.
2006 წლიდან ბათუმის პორტი ხმელთაშუა ზღვის საკრუიზო პორტების ასოციაციის “MEDCRUISE’-ის წევრია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აჭარაში საკრუიზო ტურიზმის განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ თავად აჭარის მთავრობა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო საკრუიზო გამოფენასა თუ სემინარში, როგორებიცაა: სტამბოლის ზამთრის საკრუიზო ფორუმი “Seatrade“, ჰამბურგის საერთაშორისო კონფერენცია “Seatrade Europe Cruise and Rivercruise Convention“, მაიამის საერთაშორისო გამოფენა „Seatrade Cruise shipping convention“ და ა.შ.
აღნიშნული საქმიანობების შედეგად ბათუმის პორტში შემომსვლელი საკრუიზო გემების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღემდე, ბათუმის პორტმა უმასპინძლა ისეთ მსხვილ საკრუიზო გემებს, როგორებიცაა: “Island Sky”, “Albatros”, “Silver Wind”, “Minerva”, “Spirit of Advernture”, “Prinsendam”, “Regatta” და “Princess Daphne”.
რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უმხვილეს საკრუიზო კომპანიასთან „Royal Caribbean“-თან გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც შემუშავებული იქნა ბათუმის პორტის რეკოსნტრუქციის გეგმა. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია ბათუმის პორტის ნავმისადგომის 340 მეტრამდე გაფართოება. ახალი პორტის მეშვეობით, ბათუმში შემოსვლა შეეძლება ყველა ზომისა და ტიპის საკრუიზო გემს.
საკრუიზო ტურიზმი საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკა 2012 – 2015 წლებისთვის შემდეგნაირად გამოიყურება:
2012 წ. - 10 საკრუიზო ხომალდი: 3 632 ტურისტი
2013 წ. - 16 საკრუიზო ხომალდი: 5 162 ტურისტი
2014 წ. - 33 საკრუიზო ხომალდი: 14 793 ტურისტი
2015 წ. - 11 საკრუიზო ხომალდი: 4 551 ტურისტი
2015 წლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიულ წლებში არც ერთი საკრუიზო ხომალდი არ შემოსულა. ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყველაზე მეტი საკრუიზო ხომალდი ბათუმის პორტში 2014 წელს შევიდა. საუბარია 33 საკრუიზო ხომალდსა და 14 ათას 793 ტურისტზე, რაც 186,5%-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს (16 საკრუიზო გემი, 5 152 ტურისტი).
2014 წელს აჭარის შავიზღვისპირეთს უპრეცედენტო ზომის საკრუიზო ხომალდი ეწვია. მსგავსი სიდიდის ხომალს რეგიონი პირველად მასპინძლობდა. იგი 2012 წელსაა აგებული და რუმინეთიდან საქართველოში ერთი დღით შემოვიდა, აჭარის შემდეგ კი გეზი სტამბოლის მიმართულებით აიღო. ,,Riviera" - ზე 1250 ტურისტი და 600 მდე ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, მათ სხვადასხვა საექსკურსიო პროგრამით ადგილობრივი ტურისტული კომპანია მოემსახურა.[4]
აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის განაცხადებით 2016 წლიდან ბათუმის პორტში საკრუიზო ხომალდების არარსებობა ნაწილობრივ გეოპოლიტიკურ მოვლენებთანაა დაკავშირებული (აჭარაში საკრუიზო გემები ძირითადად, თურქეთისა და ყირიმის გავლით შემოდიან. აღნიშნულ რეგიონებში არსებული დაძაბული საომარი და პოლიტიკური მდგომარეობა კი გადამწყვეტ როლს თამაშობს აჭარაში საკრუიზო გემების შემოსვლაზე), უმეტესწილად კი ინფრასტრუქტურული პროექტების, რეკლამისა და მარკეტინგული ღონისძიებების განახორციელებასთან. [5]
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს რეგიონში საკრუიზო ტურიზმის სფეროს არსებული მდგომარეობის შესწავლასა და მისი განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში უცხოელი ექსპერტი დიდი ბრიტანეთიდან შპს G. P. Wild International-ის წარმომადგენელი — პიტერ უაილდი დაეხმარა. მან აჭარის ტურისტული ობიექტები დაათვალიერა და დასახა რიგი ღონისძიებებისა რომელსაც ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობა ახორციელებს. [6]
აჭარის რეგიონული მთავრობისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნით შემუშავებულ იქნა საკრუიზო ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რომლის განხორციელებლად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ბათუმის პორტის რეაბილიტაცა და იქ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია. ასევე აუცილებელია რამდენიმე პუნქტის შესრულება, ესენია: შავი ზღვის პორტების თანამშრომლობა, საპორტო მოსაკრებლები და ოპეარციული პრაქტიკა, დიდი ხომალდების ბათუმის პორტში წვდომის შესაძლებლობების ზრდა და მარკეტინგის მენეჯერის დაქირავება. [5]
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 12-14 სექტემბერს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს აჭარა მასპინძლობდა. ფორუმზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის პატრონაჟით ჩატარდა, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საკრუიზო ტურიზმი, არსებული გამოწვევები და მათი მოგვარების გზები იყო. ასევე აჭარამ უმაპისნძლა საკორდინაციო შეხვედრებს ევროკავშირის პროექტის „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი შავი ზღვის რეგიონის საკურიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის, უკრაინისა და საქართველოს ცნობილი უნივერსიტეტების პროფესორები, სტუდენტები, ტურიზმის დარგის სპეციალისტები, ბიზნესისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2018 წლის 13 სექტემბერს ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი მეორედ გაიმართა, რომელზეც მსჯელობენ საზღვაო და სანაოსნო სფეროში მიმდინარე გლობალური ცვლილებებზე, ახალ ინიციატივებსა და მათი განხორციელების გზებზე. [7]
იმედია, დასახულ სტრატეგიაში მოცემული გეგმების თანმიმდევრული განხორციელება უახლოეს მომავალში შედეგს გამოიღებს, მითუმეტეს რომ საკრუიზო ტურისტებს ბათუმში საინტერეო და მრავალფეროვანი სახმელეთო მომსახურება ელით:
ბათუმი დღითი დღე მშვენდება, უკანასკნელი წლების განმავლობაში ქალაქი განსაკუთრებული ინტენსიურობით ვითარდება. ბათუმი ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვეობას და ამავე დროს შეინარჩუნოს თავისი ისტორია. საარქივო მონაცემების მიხედვით აღდგენილი და რეკონსტრუირებული იქნა მე-19 საუკუნის შენობა-ნაგებობები. რუდუნებით შესრულებული სამუშაოს შედეგია უმშვენიერესი შენობები ლამაზი აივნებითა და მოაჯირებით, წყნარი მოკირწყლული ქუჩები და ჩამოსხმული ფასადები. ირგვლივ კი ზღვიდან მონაბერი სიოს, მოხარშული ყავისა და ციტრუსოვანთა სასიამოვნო სურნელი ტრიალებს. [8]
ბათუმს მაღალგანვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა გააჩნია, რაც მას უცხოელი სტუმრებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. თანამედროვე ბათუმის ფეშენებელური სასტუმროები „Sheraton“-ი, “Radison"-ი და „Hilton“-ი შორიდანვე იპყრობენ მზერას თავისი ორიგინალური დიზაინით. საქართველოს მთავრობამ მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოიზიდა სამშენებლო მაგნატები საქართველოში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებისათვის.
დღეს ბათუმის ცენტრალური ნაწილი წააგავს დასავლეთევროპულ ქალაქს ვაზით დამშვენებული ქუჩებით, შადრევნებითა და ხმაურიანი მაღაზიებით. ღამღამობით ქალაქი საოცრად არის გაჩირაღდნებული, სანაპირო ზოლი თვალისმომჭრელად არის განათებული. ქალაქის კლიმატი შავ ზღვაზეა დამოკიდებული, ყველაზე ცივი თვეა იანვარი, ყველაზე ცხელი კი - აგვისტო. ტურისტთა უმრავლესობა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდანაა, თუმცა ბათუმის ქუჩებში ასევე გაიგონებთ ინგლისურ, ფრანგულ და სხვა მეტყველებასაც.
სოკოებივით მომრავლებულ რესტორნებსა და კაფეებში ტურისტებს შეუძლიათ დააგემოვნონ ტრადიციული ქართული სამზარეულოს კერძები. ქალაქში აგრეთვე ბევრი მოდური ბუტიკია, ასევე ფუნქციონირებს პლასტიკური ქირურგიის კლინიკა. ბათუმში ბევრი ღირსშესანიშნაობაა, რომელთა შორისაც უნდა აღინიშნოს მსოფლიოში ყველაზე გრძელი ბულვარი. დღეისათვის ბულვარის სიგრძე შეადგენს 7 კმ-ს. ტურისტებისათვის აქ მრავალრიცხოვანი გასართობი ობიექტებია. შეგიძლიათ დაიქირავოთ ველოსიპედები და ბულვარში გაისეირნოთ, თან დაათვალიეროთ პლაჟი და ღირშესანიშნაობები.
ბულვარში მდებარეობს ე.წ. „ეშმაკის ბორბალი“, ქართული მწიგნობრობისა და კულტურის ძეგლი - ანბანის კოშკი, სხვა საინტერესო მონუმენტები. ადგილობრივები ბათუმს „სიყვარულის ქალაქს“ უწოდებენ. ბულვარში მრავლად ნახავთ ამ თემაზე შექმნილ ძეგლებს. მათგან ყველაზე ცნობილია ქალის წინაშე მუხლმოყრილი მამაკაცი, რომელიც თავის რჩეულს ჩუქნის წითელ გულს.

დასკვნა

საკრუიზო ტურიზმი საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. აჭარის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელია აჭარის მთავრობისა და ბათუმის პორტის ჩართულობა, საკრუიზო ტურიზმის სფეროს განვითარების სტრატეგიული გეგმის თანმიმდევრული განხორციელება.

საკრუიზო ტურიზმის სტრატეგიის ასამოქმედებლად გასატარებელია რიგი ღონისძიებები, კერძოდ:
• უნდა შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა საკრუიზო გემების მისაღებად.
• უნდა მოხდეს მე-10 და მე-11 ნავმისადგომების რეაბილიტაცია და განახორციელდეს საოპერაციო საქმიანობის მოდერნიზაცია. რაც საბოლოო ჯამში 300 მეტრზე მეტი სიგრძის გემების მიღების საშუალებას შეუწყობს ხელს;
• გატარდეს სარეკლამო და მარკეტინგული ღონისძიებები ბათუმის პორტის პოპულარიზაციისათვის;
• მოხდეს შავი ზღვის ქვეყნების ერთიან პლატფორმაში ბათუმის პორტის პოზიციონირება.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ასლან ბოლქვაძე ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგური. გამომცემლობა „აჭარა“ ბათუმი 1996 წ.
2. https://acharadges.wordpress.com/2011/03/22/ბათუმის ნავსადგური
3. http://forbes.ge/news/188/saqarTvelos-portebi
4. http://sputnik-georgia.com/economy/20151123/229213975.html
5. https://commersant.ge/ge/post/ratom-ar-shemovida-wels-saqartveloshi-sakruizo-gemebi
6. http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=304900&gid=7#.XPLlvVZS_IU
7. https://ipress.ge/new/53-sakhelmtsiphos-400-delegati-b
8. https://mardihouse.ge/ge/batumi